ჯორჯიის შტატი ხმების გადათვლის შემდეგაც ჯო ბაიდენმა მოიგო

ჯორჯიის შტატი ხმების გადათვლის შემდეგაც ჯო ბაიდენმა მოიგო
ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. როგორც შტატის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ბიულეტენების ხელით გადათვლამ ბაიდენის უპირატესობაზე გავლენა არ იქონია. დემოკრატმა კანდიდატმა თავის მოწინააღმდეგეს 12 284 ხმით აჯობა.
ხმების გადათვლამ აჩვენა, რომ არც ერთ ოლქში შეცდომის ცდომილება 0,73 პროცენტზე მაღალი არ ყოფილა, ხოლო ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა 0,5 პროცენტის ფარგლებში რჩებოდა.
აუდიტის დროს აღმოაჩინეს, რომ 6 000 ხმა არასწორად იყო დათვლილი, რამაც ბაიდენსა და ტრამპს შორს სხვაობა მცირედით შეამცირა. გარდა ამისა, როგორც შტატის სახელმწიფო მდივანი ამბობს, ეს იყო არა მანქანის, არამედ ადამიანური შეცდომა იყო.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენმა არჩევნების გაყალბების შედეგად შეძლო გამარჯვება. როგორც ტრამპი და მისი კამპანია ამტკიცებს, ზოგიერთ შტატში ხმები არასწორად დაითვალეს და სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც მოხვდნენ. თუმცა არც ერთი საჯარო გამოსვლის თუ ტვიტის დროს ტრამპს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ქმედებებსა და განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა. მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებისს გამო ამჟამინდელ ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლოს.
"ეს დამანგრეველი განცხადებებია დანარჩენი მსოფლიოსთვის იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ჩვენ წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობის მოწმეები ვართ", — განაცხადა მან.
ამ ეტაპისთვის დონალდ ტრამპი შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებს. თუმცა არიზონასა და პენსილვანიაში სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.