ორმა პირმა ყალბი მინდობილობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ნაკვეთი დაირეგისტრირა და გაასხვისა, ორივე დაკავებულია — ფინანსთა სამინისტრო

ორმა პირმა ყალბი მინდობილობით უცხო ქვეყნის მოქალაქის ნაკვეთი დაირეგისტრირა და გაასხვისა, ორივე დაკავებულია — ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების საქმეზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი მინდობილობით 12 ნოემბერს თბილისში, საბურთალოს რაიონში არსებული უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე რიცხული 5 528 მ2 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, რომელიც 16 ნოემბერს 142 000 აშშ დოლარის საფასურად გაასხვისეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი და ამავე გზით მიღებული თანხით შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ამოღებულია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას შპრიცები და თეთრი ფხვნილი ამოიღეს, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკულ ნივთიერებას წარმოადგენს.
მათი განცხადებით, საგამოძიებო სამსახური თანამშრომლების მიერ შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.