ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

«გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ნებართვასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.
ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია ENKA Renewables 2020 წლის მაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსამზადებელ სამუშოებს ახორციელებს. ეს პროცესი ხორციელდება 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ნებართვით განსაზღვრულ ფარგლებში (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ნებართვა №60-04) და მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაშია.
ხსენებული ნებართვის თანახმად, კომპანიას ნება დაერთო, ეწარმოებინა მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოები. ამავდროულად, განისაზღვრა, რომ 2022 წლის მარტამდე მას უნდა წარედგინა მიწის საჭირო ნაკვეთებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2021 წლის აპრილამდე  – დეტალური პროექტი საექსპერტო დასკვნებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვით დასაშვებია დეტალური პროექტის ეტაპობრივად წარდგენა, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე წარდგენილი და შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად, «სააგენტოს თავმჯდომარის Nმ – 429 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დაგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში».
პროექტისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია მოუწოდებს ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტით დაინტერესებულ ყველა მედიასაშვალებას, თემის გაშუქებისას გაითვალისწინოს საპროექტო კომპანია, როგორც მხარე და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს მის პრეს-ცენტრს» – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.