» » ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება


ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება

ზურაბ ალავიძემ კერძო სექტორში დაბრუნების თხოვნით მომმართა, რამდენიმე დღე დამჭირდა დამერწმუნებინა დარჩენაში, თუმცა ვეღარ შევძელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება, სადაც ის მინისტრად მოსვლამდე იყო დასაქმებული.

“მინდა წარმოგიდგინოთ ერთი სამთავრობო ცვლილება. წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მე კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში საჯარო სექტორში ვერ ხედავდა, ეს ისედაც ვიცოდი გამომდინარე იქიდან, რომ 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის კერძო სექტორში იყო დასაქმებული. რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე, მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვეღარ შევძელი და მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება. ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა, ყოველთვის გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი იყო, ყოველთვის იყო შედეგებზე ორიენტირებული და ბიუროკრატიის წინააღმდეგი ადამიანი. მან ეს საკუთარი მუშაობითაც დაადასტურა მთავრობაში, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რაც გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებაში, რაც არის სივრცითი განვითარება, სერიოზული პროგრესი აჩვენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და ალავიძის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები - რიკოთის გვირაბი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა, ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა და ა.შ. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრერებელი პირობები გაუმჯობესდა, სწორედ მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში, სადაც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ალავიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა და აღნიშნული თანამდებობა მაია ცქიტიშვილმა დაიკავა.
30-03-2018, 11:28 355 0