» » საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა


საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა

ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში მაია ცქიტიშვილი ძალიან წარმატებით უძღვებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა. 
კვირიკაშვილმა ცქიტიშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებით, ჩვენ კიდევ ვნახავთ ძალიან დიდ წარმატებებს.

„მინდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა. მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012 წლიდან დღემდე, ძალიან წარმატებული უფროსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნება ძალიან კარგი მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ სივრცითი განვითარების მიმართულებით, ჩვენ კიდევ ვნახავთ ძალიან დიდ წარმატებებს. მე მინდა მაიას წარმატება ვუსურვო, ამ ახალ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.
მაია ცქიტიშვილი 44 წლისაა. 1991-1995 წლებში ის სწავლობდა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
1996 წელს ცქიტიშვილმა მუშაობა დაიწყო დასაქმების გაერთიანებული ფონდის გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „ქართული ავიახაზების" კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ — შეთანხმებების განყოფილების ხელმძღვანელი. 2002-2003 წელბში მუშაობდა კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტის მენეჯერად.
2005 წელს მან მუშაობა განაგრძო Cartu Group-ში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. იყო საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე. შემდეგ შეიცვალა რამდენიმე კომპანია და 2009 წელს მუშაობა დაიწყო Cartu-ს გაერთიანებაში Kartu management-ის დირექტორად.
2012 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. იცის ინგლისური და რუსული ენები. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
30-03-2018, 11:23 336 0