» » ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლებს


ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლებს

14-15 ივნისს, ბათუმი, რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა”უმასპინძლებს, რომელიც წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენცია მონაწილეებისათვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ერთად იმსჯელონ ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და განიხილონ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლი.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 14 ივნისს გაიხსნება. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

კონფერენცია ორი დღის განმალობაში გაგარძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება.
14-06-2018, 10:19 1 003 0