» » გაიცანით 29 წლის ბიჭი, რომელმაც პირველი ქართული კრიპტოვალუტა შექმნა


გაიცანით 29 წლის ბიჭი, რომელმაც პირველი ქართული კრიპტოვალუტა შექმნა

"ოქროს საწმისი" არამხოლოდ მითიური კოლხეთის ისტორიის ნაწილი, არამედ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური მიღწევების გამოძახილი, პირველი კრიპტოვალუტაა, რომელიც ქართველებმა შექმნეს. 

ავტორები 29 წლის ვახტანგ გოგოხია და მისი პარტნიორები არიან, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგს ანუ მოპოვებას უკვე მეორე წელია ეწევიან. აღნიშნული საქმიანობისთვის მათ დატა ცენტრები კახეთში, თბილისსა და ქუთაისში ააშენეს, სამომავლოდ კი კრიპტოვალუტის მაინინგის დაწყებას ფოთშიც გეგმავენ.

"ოქროს საწმისი" ლეგენდარულ "ოქროს საწმისზე" არანაკლებ რთული მოსაპოვებელია,ბლოკჩეინის დაცული და რთული ტექნოლოგიის გამო, თუმცა როგორც ვახტანგ გოგოხია მიიჩნევს, აღნიშნული პროცესები გამარტივებისკენ მიდის, შესაბამისად, კრიპტოვალუტა მომავლის ფულია, რომლის დამკვიდრებაც გარდაუვალი იქნება.

ქართული კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 5-10 ცენტია.
-0:09როგორც ვახტანგ გოგოხია იხსენებს, კრიპტოვალუტით დაინტერესების შემდეგ მაინინგი მეგობრებთან ერთად დაიწყო, გასული წლის აგვისტოში კი კომპანია და ქართული კრიპტოვალუტა „ოქროს საწმისი“ შექმნა. სახელწოდება იასონის მიერ "ოქროს საწმისი" მოპოვების ისტორიას და ზოგადად მაინინგს ანუ "მოპოვებას" უკავშირდება.

"გვინდოდა სახელი ვალუტასთან, ოქროს მოპოვებისა და საქართველოს ისტორიასთან ყოფილიყო დაკავშირებული, "ოქროს საწმისის" იდეა მოგვეწონა და ჩვენი კრიპტოვალუტის სახელად გამოვიყენეთ. ოქროს არა, მაგრამ კრიპტოვალუტას მოვიპოვებთ",- ამბობს გოგოხია.

საქართველოში "ოქროს საწმისი" სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ნაკლებადმოთხოვნადია. 12 ადამიანისგან შემდგარი"ოქროს საწმისის" გუნდი ძირითადად, მსხვილ უცხოელ ინვესტორებს იზიდავს.

"მიუხედავად ამისა, გვყავს ადგილობრივი ინვესტორებიც. ეს კრიპტოვალუტა მაღაზიაში რაიმეს საყიდლად არ გამოიყენება, არამედ საინვესტიციო ინსტრუმენტია. ამჟამად ასეთი მიმართულება გვაქვს არჩეული. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ "ოქროს საწმისს" საქართველოში პოპულარიზაცია გავუწიოთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაოდენობრივად უფრო ცოტა. საქმიანობას რომ გავაფართოვებთ, უკვე წვრილ ინვესტორებზეც გავაკეთებთ აქცენტს," - აღნიშნავს ვახტანგი გოგოხია.

თავად აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგიდან ამონაგები ჩადებული თანხის 5-15%-ია, შესაბამისად, მასში კაპიტალის დაბანდება მომგებიანი საქმიანობაა.
ქართული კრიპტოვალუტის 29 წლის ავტორი, ვახტანგ გოგოხია განათლებით ფინანსისტია, პროგრამული უზრუნველყოფა კი თავად ისწავლა და სამომავლო საქმიანობაში გამოიყენა. "ოქროს საწმისამდე" როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში სხვადასხვა პროგრამის დანერგვის კუთხით, პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებდა, მოგვიანებით კი ფინანსების მიმართულებით მუშაობდა. 

საქართველო ლიდერთა სამეულში: როგორ გამოიმუშავებენ ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტას

არცთუ მცირე გამოცდილების დაგროვების შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად საკუთარი ბიზნესი შექმნა, შპს "ოქროს საწმისი" დაარეგისტრირა და როგორც თავად აღნიშნავს, მისი შემოსავლები აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

"ჩემი ბოლო სამსახური გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იყო, შემდეგ კი საკუთარი საქმიანობა წამოვიწყე. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამ სექტორში საქმიანობა ოფიციალურად დაიწყო, ახლა სხვა კომპანიებსაც ვეხმარებით და საკუთარ გამოცილებასაც ვუზიარებთ. გვაქვს ბლოკჩეინზე პროგრამული უზრუნველყოფის პროექტები, რომელსაც მომავალში მოვფენთ ნათელს", - აღნიშნავს გოგოხია.
მისი ინფორმაციით, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, რადგან აქ ელექტროენერგიის დაბალი ტარიფი და თავისუფალი ბიზნეს გარემოა.

"უკრაინაშიც არის ადგილები, სადაც ელექტროენერგია საქართველოზე უფრო იაფია, თუმცა იქ პრობლემა აქვთ კრიმინალისა და მთავრობის მიმართულებით, რადგან კრიპტოვალუტის მოპოვებით დაკავებულ პირებს მაინერებს ართმევენ. ჩვენთან შედარებით უსაფრთხო გარემოა," - აღნიშნავს „ოქროს საწმისის“ ავტორი.

რა მომავალი აქვს "ოქროს საწმისს" და ზოგადად, კრიპტოვალუტას?

ახალგაზრდა ფინანსისტი და პროგრამისტი მიიჩნევს, რომ ის სასაქონლო ფულის მსგავსად მიმოცვლის ოფიციალურ საშუალებად აუცილებლად დამკვიდრდება, თუმცა როდის, დაკონკრეტება უჭირს.
25-02-2018, 09:47 294 0